ევროპის ბანკი ეჭვით უყურებს ევროკავშირის გეგმას გადაარჩინოს ირანთან ბირთვული შეთანხმება
ევროპის ინვესტიციის ბანკის ხელმძღვანელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ევროპის კავშირი შეძლებს შეასრულოს თავისი პირობა და გადაარჩინოს ირანთან ბირთვული შეთანხმება, რადგან ბანკს არ შეუძლია ირანში ინვესტირება, როგორც ეს ევროკავშირმა დაგეგმა. ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა 18 ივლისს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობას, შენარჩუნებულ იქნეს 2015 წლის შეთანხმება მას მერე, რაც ის აშშ-მა დატოვა. მაგრამ ირანში ვერ ვითამაშებთ აქტიურ როლსო, თქვა მან. არ არსებობს ევროპული ბანკი, რომელსაც უნარი შესწევს იმოქმედოს ირანში და საქმიანი ურთიერთობა იქონიოს ისლამურ რესპუბლიკასთან, უთხრა ჰოიერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში და დასძინა: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანში აქტიურობით საფრთხეს შევუქმნიდით ბანკის ბიზნესის მოდელს“. ევროკავშირის გეგმის მთავარი ნაწილი იყო ირანისთვის ბანკის მიერ სესხის მიცემა, რათა ინვესტიციების დინება არ შეჩერებულიყო, როცა აშშ შეუწყვეტს ირანს წვდომას აშშ-ის საფინანსო სისტემასთან მომავალ თვეებში დადეგმილი სანქციების გზით. ჰოიერმა თქვა, რომ კრედიტორებს, რომლებიც არაკომერციულ სესხებს გასცემენ, აფრთხობთ ირანთან ურთიერთობა, რადგან, მათი აზრით, ეს რისკის ქვეშ აყენებს მათ შესაძლებლობას, აშშ-ის საფინანსო ბაზრებზე ფული მოიპოვონ. ამასთან აშშ-ის მიერ მისი იზოლირება ბანკის საქმიანობაზე შორს მიმავალ შედეგს იქონიებდა. ჰოიერის განმარტებით, ბანკს ახლა 500 მილიარდი ევროს ოდენობის დაუფარავი სესხები აქვს და საჭიროა მათი მუდმივი ბრუნვა და გლობალურ ბაზრებზე მათი დაფინანსების მოპოვება.