ოლეგ სენცოვის დის თქმით, მისი ძმა არ იმყოფება სიკვდილის პირას
რუსეთში ტერორიზმში ბრალდებული მოშიმშილე უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დამ უარყო მასმედიაში გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ თითქოს მისი ძმა სიკვდილის პირას იმყოფება. „გასვენება არ იქნება, ვერ მოესწრებით“, დაწერა ნატალია კაპლანმა ფეისბუკში. იმის შესახებ, რომ ოლეგ სენცოვი თითქოს კვდება, ორშაბათს საღამოს გაავრცელეს ცნობა რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა ბრიტანეთის „ინდეპენდენტზე“ დაყრდნობით. ამ ინფორმაციის თანახმად, სენცოვის დამ, ნატალია კაპლანმა თითქოს უთხრა გამოცემას, რომ სენცოვი უკვე სიკვდილის პირას იმყოფება. ოლეგ სენცოვი 72-ე დღეა შიმშილობს მოთხოვნით, რუსეთის ციხეებიდან გაათავისუფლონ უკრაინელი პოლიტპატიმრები.