სომხეთში დააპატიმრეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი
თავად ქოჩარიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე "ვენდეტაა". "მიჭირს დავიჯერო, რომ ამგვარი ბრალდებების ასე შეთითხნა დღევანდელ დღეს შესაძლებელია" - განაცხადა მან ტელეინტერვიუში.
ქოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტია. ის ქვეყანას სათავეში ედგა 1998-2008 წლებში. ბრალდება უკავშირდება 2008 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ რეპრესიებს. მაშინ პოლიციასთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაიღუპა. ქოჩარიანმა საგანგებო ვითარება გამოაცხადა და საპროტესტო გამოსვლები შეწყდა.
2008 წლის მიტინგების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2010 წელს ფაშინიანს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს არეულობების მოწყობის ბრალდებით. 2011 წლის მაისში ფაშინიანი ამნისტიით გაათავისუფლეს.
