ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებისთვის შეზღუდვის ამოქმედება ერთი წლით გადაიდო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადადო ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებისთვის შეზღუდვების დაწესება. გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური გაფორმების ზონაში(გეზი) შეკრებილ გადამზიდავებს აცნობა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. ის გეზ-ის ტერიტორიაზე შეხვდა მძღოლს, ჯანო ამყოლაძეს, რომელიც დღეს დილით ერთ-ერთი შენობის სახურავზე ავიდა, თავის დაწვით იმუქრებოდა და მოითხოვდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას.
„4 დღეა აქ ვდგავართ და იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენ ჩვენ ადგილზე დავბრუნდებით და ვიმუშავებთ" - განაცხადა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჯანო ამყოლაძემ. მან განმარტა, რომ პროტესტის ფორმა საერთო პრობლემების მოსაგვარებლად აირჩია და თუ ერთი წლის შემდეგ პირობები მისაღები კვლავ არ იქნება, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.
„ჩვენ გავითვალისწინეთ, რასაკვირველია, ჯანოს ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა ჩვენ და ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის შემდეგ მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური, თუ სხვა ტიპის, ერთად გავიაროთ მძღოლებთან“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ერთი წელი საკმარისზე მეტი დროა, რომ სამომავლოდ არც გადამზიდავები დარჩნენ უმუშევრად და ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შენარჩუნდეს. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ გეზ-ში საპროტესტო აქცია შეწყდა.
ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებმა აქცია 17 სექტემბერს დაიწყეს. პროტესტი გამოიწვია ფინანსთა მინისტრის ბრძანებამ, რომლის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც.“ ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსაგვარებელია პრომლემა, რომელსაც ტურიზმის სფეროს უქმნის ხორბლით დატვირთული დიდი სატვირთო ავტომანქანების სიმრავლე საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან.