პოროშენკო ხედავს რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქების საფრთხეს
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, არსებობს რუსეთისათვის უკრაინის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქების საფრთხე. 20 სექტემბერს უკრაინის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა მანამ, სანამ მას ყირიმის ნახევარკუნძული არ დაუბრუნებია, საერთაშორისო სამართლის მარცხი იქნებოდა. 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას მოჰყვა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სანქციები. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების შედეგად დაიღუპა 10 300-ზე მეტი ადამიანი. ბელორუსიის დედაქალაქში 2014-2015 წლებში ხელმოწერილმა შეთანხმებებმა ვერ მოუღო ბოლო შეიარაღებულ დაპირისპირებას უკრაინის ჯარებსა და რუსეთის დახმარებით მებრძოლ სეპარატისტებს შორის.