2017 წელს მკვეთრად შემცირდა ტერორისტული თავდასხმების რიცხვი
2017 წელს მსოფლიოში მკვეთრად შემცირდა ტერორისტული თავდასხმების რიცხვი, რის მთავარ მიზეზადაც სახელდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება ერაყში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ტერორიზმის შესახებ. ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, შარშან მსოფლიოში მოეწყო 8584 ტერაქტი, რაც არის 23%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. მოკლულ იქნა 19 ათასამდე ადამიანი. ტერაქტები მოეწყო 100-მდე ქვეყანაში, მაგრამ ტერორისტული თავდასხმების ცენტრად მიჩნეულია ხუთი - ავღანეთი, ერაყი, ინდოეთი, პაკისტანი და ფილიპინები. ყველაზე მეტად დაზარალდა ავღანეთი, სადაც 4672 ადამიანი დაიღუპა. ანგარიშის პრეზენტაციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნეიტან სეილსმა ყურადღება გაამახვილა ვითარების სტაბილიზაციაზე ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციების შედეგად. ამ ქვეყანაში 2017 წელს - წინა წელთან შედარებით - ნახევარზე უფრო მეტად შემცირდა ტერაქტების რიცხვი. მაგრამ ვარაუდობენ, რომ ტერორმა შესაძლოა ახალი ფორმა მიიღოს, რადგან მებრძოლებმა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა მოაწყონ თავდასხმები „რბილ სამიზნეებზე“ - სასტუმროებზე, ბაზრებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებად სახელდებიან ირანი, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი და სირია.