კიევმა მოსკოვს ოფიციალურად აცნობა, რომ მეგობრები აღარ არიან
უკრაინამ რუსეთს გაუგზავნა ოფიციალური ნოტა მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის განცხადებით, ნოტაში დეტალურადაა განმარტებული მიზეზები - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული და ჰიბრიდული აგრესია, ეკონომიკური ზეწოლა და უკრაინის მოქალაქეთა უფლებების ხელყოფა. კლიმკინმა აღნიშნა, რომ 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთმა ფუნდამენტურად დაარღვია და ვეღარ გაგრძელდება. მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 1997 წლის მაისში მოაწერეს უკრაინის და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ლეონიდ კუჩმამ და ბორის ელცინმა. ხელშეკრულების ვადა გრძელდებოდა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. დოკუმენტის მოქმედების ვადა 2019 წლის 31 მარტს იწურებოდა.
პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 17 სექტემბერს გამოსცა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის შეთანხმების შეწყვეტის ბრძანება.1997 წლის დოკუმენტით, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს განსაზღვრავდა, უკრაინა და რუსეთი აღიარებდნენ ერთმანეთის საზღვრების ურღვეობას და პატივისცემას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 2014 წელს, ყირიმის ანექსიით დაარღვია.