რომის პაპი ბალტიისპირეთში მართავს ტურნეს
რომის პაპი ფრანცისკე 22 სექტემბერს ვილნიუსში ჩავიდა, რითიც დაიწყო ოთხდღიანი ტურნე ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, იმ ფონზე, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები წელს თავიანთი დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს აღნიშნავენ. ძირითადად კათოლიკე ლიტვაში ყოფნისას, ფრანცისკე პატივს მიაგებს რეგიონში როგორც ნაცისტების, ისე საბჭოთა კავშირის ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას. "როგორც ვიცით, თავისუფლება ის განძია, რომელსაც მუდმივად უნდა გავუფრთხილდეთ და თაობებს გადავცეთ, როგორც ძვირფასი მემკვიდრეობა" - ამბობს ფრანცისკე ტურნემდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ბალტიისპირეთის ქვეყნებს წარსულში მხოლოდ ერთი პაპი, იოანე პავლე მეორე ეწვია, 1993 წელს.