აშშ კიდევ ერთხელ გამოდის ჩეჩენი უფლებადამცველის, ტიტიევის გათავისუფლების მოთხოვნით
აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც ჩეჩენი უფლებადამცველის, ოიუბ ტიტიევის სასამართლო პროცესი საზოგადოებისთვის დაიხურა და კიდევ ერთხელ გამოვიდა მისი გათავისუფლების მოწოდებით. "შეგვაშფოთა გუშინ გავრცელებულმა ცნობებმა, რომ ადამიანის უფლებების ჩეჩენი დამცველის, ოიუბ ტიტიევის ნარკოტიკების ფლობის უსაფუძვლო საქმეზე სასამართლომ გადაწყვიტა პროცესი დახუროს საზოგადოებრივი დამკვირვებლებისთვის" - განაცხადა 21 სექტემბერს მაიკლ მერფიმ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში. "საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საქმეს და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას კვლავაც ადევნებს თვალს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვდივართ მისი გათავისუფლების მოთხოვნით" - განაცხადა მერფიმ. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო უფლებადამცველის, ტიტიევის სასამართლო პროცესის დახურვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის უფლებადამცველმა ცენტრმა "მემორიალმა".