"სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს. მათ შორისაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდებულთა ადვოკატები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ აღკვეთის ზომად გამოყენებულიყი თავდებობა, ან გირაო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თვალავაძე და კიდევ 5 პირი, მათგან 4 ქალი, 24 სექტემბერს დააკავეს. სუს-ის განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.“ სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ეხებოდა ამ აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გია თვალავაძე ბრალდებას უარყოფს.