ერდოანი მოლდავეთს ეწვევა, თურქი მასწავლებლების გაძევების შემდეგ
მოლდავეთის პრეზიდენტი, იგორ დოდონი აცხადებს, რომ ის ოქტომბერში კიშინიოვში უმასპინძლებს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს - რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც მოლდავეთმა ქვეყნიდან გააძევა თურქეთის შვიდი მოქალაქე, რასაც უფლებადამცველი ორგანიზაციები კრიტიკით შეხვდნენ. ერდოანი მოლდავეთს ეწვევა 17-18 ოქტომბერს და კიშინიოვში დაესწრება საპრეზიდენტო სასახლის გახსნას, რომელიც ანკარის ფინანსური დახმარებით გარემონტდა - წერს დოდონი ფეისბუკზე 26 სექტემბერს. დაგეგმილია ასევე ერდოანის ვიზიტი ავტონომიურ გაგაუზიის რეგიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური თურქი გაგაუზები ცხოვრობენ, რომლებიც რუსულ ენაზე საუბრობენ და რუსულ მართლმადიდებლობას მისდევენ. სამიოდე კვირის წინ კიშინიოვში შვიდი თურქი მასწავლებელი დააკავეს, ერთობლივი ოპერაციით, რომელიც მოლდავეთმა თურქეთის სადაზვერვო სამსახურთან ჩაატარა. დაკავებულები 6 სექტემბერს მოლდავეთიდან გააძევეს. მოლდავეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახური დეტალების დაკონკრეტების გარეშე აცხადებდა, რომ ეს შვიდი მასწავლებელი "ეროვნულ უსაფრთხოებას" უქმნიდა საფრთხეს. მასწავლებლები მუშაობდნენ კიშინიოვის დურლესტის უბანში მდებარე თურქულ სკოლაში, რომელსაც კავშირი აქვს აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირთან, ფეტულა გიულენთან. გიულენს ანკარა ადანაშაულებს 2016 წელს მომხდარ გადატრიალების მცდელობაში, თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.