პუტინმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთს მიულოცა „გამარჯვების 25-ე წლისთავი“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "გამარჯვების" 25 წლისთავი მიულოცა თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას. „რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც რუსულ და აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა. სოხუმისგან განსხვავებით საქართველოში 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის და გლოვის დღეა. 25 წლის წინ, სამხედრო კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში დაიღუპა ათასობით ადამიანი, 250 ათასამდე კი დღემდე დევნილია. გაეროში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 27 სექტემბერს აგრესიულმა ძალამ მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რაც 10 წლის წინ, გადაიზარდა სრულმასშტაბიან ოკუპაციაში. „ჩემი დღევანდელი გზავნილი მსოფლიოს მიმართ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.