ახალი ხურვალეთიდან 37 წლის ქალი გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიიდან 37 წლის მაია ოთინაშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. თანასოფლელების განცხადებით, ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, როცა შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
აღნიშნული ფაქტი გორის მერიაში დაადასტურეს. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ ხურვალეთში ოთინაშვილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად გაემგზავრა. ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი გათავისუფლების მოთხოვნით.