სალომე ზურაბიშვილი: „არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში“
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დიდ პატივს სცემს სამხედრო პირებს და არც ერთი მათგანი არ დაუდანაშაულებია მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში: „მე პირიქით ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომელიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, ისენი არ არიან ღირსი რომ წარმოადგინონ და აპელირება გააკეთონ და გამოიყენონ სამხედროს სახელი. მე, როგორც მომავალი მთავარსარდალი, პირიქით, მე ვუცხადებ დღესეც და საერთოდ ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს“-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის ხინჯი შეიტანოს.
სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მისმა შვილებმა თეიმურაზმა და ქეთევანმა და პირადად მან მიიღეს ხმოვანი სატელეფონო შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით. სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, პირი, რომელიც ზურაბიშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაემუქრა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა და ამჟამად უკრაინაში იბრძვის ერთ-ერთი შენაერთის შემადგენლობაში. სალომე ზურაბიშვილმა კი დააზუსტა,რომ საქმე მხოლოდ ერთ კაცს არ ეხება:„არა, ეს არ არის ერთ კაცზე. დაიწყო ერთი კაცით კონკრეტული ადამიანით და გავრცელდა, რამოდენიმე პირი მონაწილეობს ამ მუქარებში“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს.