ზაზა სარალიძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე 15 ნოემბერს დაიკითხება
![ზაზა სარალიძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე 15 ნოემბერს დაიკითხება](https://gdb.rferl.org/72A27CBB-BEAF-40F1-9AC5-C24BE060047F_cx25_cy4_cw75_w800_h450.jpg)
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ ბოლო დრო ის „ფეისბუკში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს. ზაზა სარალიძე პოლიციის განყოფილებაში 15 ნოემბერსაა დაბარებული.
„ჯერ არა მაქვს არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ხვალ უნდა მივიდეთ დღის პირველ ნახევარში,“-გვითხრა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოთქმულ მუქარებზე რეაგირებისთვის სამართალდამცავებს განცხადებით 14 ნოემბერს მიმართა: „განცხადებით მივმართეთ, თუმცა გამოძიებამ დაგვასწრო და ეტყობა სატელეფონო კომენტარების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“-აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.
საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით, თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველო იძიებს.