ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გადადგა ისრაელის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი გადადგა მთავრობის გადაწყვეტილების გამო დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელმაც უნდა დაასრულოს ღაზის სექტორში პალესტინელ მებრძოლებთან ორდღიანი შეტაკება. ლიბერმანმა ამ გადაწყვეტილებას 14 ნოემბერს უწოდა "დანებება ტერორის წინაშე" და თქვა, რომ მისი ნაციონალისტური ორიენტაციის პარტია გადის ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიციიდან - რაც პრემიერ-მინისტრს პარლამენტში მცირედ უმრავლესობას უტოვებს. ძალადობის მორიგი ტალღა მოჰყვა ღაზაში ისრაელის საიდუმლო ოპერაციის გამოაშკარავებას 11 ნოემბერს. შვიდი პალესტინელი მებრძოლი და ერთი ისრაელელი სამხედრო დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ისრაელს რაკეტები ესროლეს და ისრაელის ძალებმა ღაზაში დამომბეს სამიზნეები. ღაზის მმართველმა ძალამ, ჰამასმა და სხვა პალესტინურმა ჯგუფებმა 13 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ თანხმდებიან ეგვიპტის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მას დაიცავენ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელიც ანალოგიურად მოიქცევა. ნეთანიაჰუმ დაიცვა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, განაცხადა ექსტრემისტები "ამას გვევედრებოდნენ და იციან რატომაცო". გავრცელებული ინფორმაციით, 14 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდწილად ძალაში რჩება.