აშშ: ირანი წელიწადში მილიარდ დოლარს ახარჯავს ჰესბოლასა და სხვა მოკავშირეებს
აშშ აცხადებს, რომ ირანი წელიწადში მილიარდ დოლარამდე თანხას ახარჯავს ჰესბოლის, ჰამასის და ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირე სხვა ექსტრემისტების მხარდაჭერას. აშშ-ის ელჩმა, ნეითან სეილსმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში კონტრ-ტერორიზმის უწყების კოორდინატორია, 14 ნოემბერს ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, ირანი წელიწადში 700 მილიონ დოლარამდე ხარჯავს ჰესბოლისთვისო - ლიბანური გასამხედროებული ჯგუფის, რომელიც ისრაელს ებრძოდა და რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში სუნიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. ამასთან, სეილსის თქმით, ირანი წელიწადში 100 მილიონ დოლარს აძლევს ჰამასს, ექსტრემისტულ პალესტინურ ჯგუფს, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, და "სხვა პალესტინურ ტერორისტულ ჯგუფებს". სეილსს არ დაუკონკრეტებია რას ხმარდება დანარჩენი ფული, თუმცა თქვა, რომ ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტების მხარდასაჭერად გაღებული ჯამური თანხა წელიწადში 1 მილიარდ დოლარამდეა. "ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე მსხვილი სპონსორია. მას ეს საეჭვო სტატუსი უკვე წლებია აქვს, და როგორც ჩანს, მას შეინარჩუნებს კიდეც" - განაცხადა სეილსმა და დასძინა, სამწუხაროდ, ყოველივე ამის საფასურის გადახდა ირანელ ხალხს უწევსო.