აუდიტის სამსახური შეისწავლის, არის თუ არა უკანონო შემოწირულობა „ქართული ოცნების“ ბანერები
აუდიტის სამსახური პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი სარეკლამო ბანერების საკითხით დაინტერესდა. კერძოდ, აუდიტის სამსახური შეისწავლის, შეიცავს თუ არა უკანონო შემოწირულობის ნიშნებს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრიან ბანერებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტოების გამოსახვა.
როგორც აუდიტის პრესსამსახურმა „რადიო თავისუფლებას“ განუმარტა, წინასწარ იმის თქმა, არის თუ არა სარეკლამო ბანერების განთავსება „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაღებული უკანონო შემოწირულობა, ჯერ-ჯერობით არ შეიძლება. „დაიწყება ფაქტების შესწავლა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიასაც მივმართავთ“-გვითხრეს აუდიტის სამსახურში.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, საარჩევნო სუბიექტს არასამეწარმეო იურიდიული პირისგან შემოწირულობების მიღება ეკრძალება. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ ფიქრობენ, ბანერებზე პოლიტიკოსების პორტრეტები გამოჩენა ცალსახა სამართალდარღვევა არ არის და არც საარჩევნო კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში. თუმცა აქვე ჩნდება ისეთი კითხვები, როგორებიცაა ვინ გადაიხადა რეკლამის შესრულებისა და განთავსების ხარჯები.“იმ შემთხვევაში თუ თანხა „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო, ეს არის უკანონო შემოწირულობა და სწორედ ეს უნდა შეისწავლოს აუდიტის სამსახურმა“-გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, ნინო რიჟამაძემ. მისი განმარტებით, აუდიტის სამსახურს „სამართლიანმა არჩევნებმა“15 ნოემბერს მიმართა საკითხზე, რომელშიც ორგანიზაცია აშკარად ხედავს კანონდარღვევას. „ეს არის ის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკზე არის დასპონსორებული რეკლამები, რომელიც ამომრჩეველს მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. სწორედ აქ ვხედავთ პირდაპირ უკანონო აგიტაციას და უკანონო შემოწირულობას“ - გვითხრა ნინო რიჟამაძემ.
15 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბანერები გამოიფინა. ბანერებზე მითითებულია პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო ნომერი და ახალი სლოგანი „პრინციპული არჩევანი.“