ევროპის კავშირი სანქციებს დაუწესებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში არჩევნების ორგანიზატორებს
ევროპის კავშირი სანქციებს დაუწესებს იმ ხუთ პირს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ გასულ შაბათ-კვირას უკრაინაში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ არეალში არჩევნების მოწყობის ორგანიზებაში. ამის თაობაზე ბრიუსელიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები 19 ნოემბერს ბრიუსელში დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას. ევროკავშირის წყაროებმა, რომლებიც საკითხთან არიან დაკავშირებული და ვინაობის გამხელა არ შეეძლოთ, ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას ამცნეს 14 ნოემბერს. საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებულ იქნება თვის ბოლოს. ეს ხუთი პირი დაემატება რუსეთის და უკრაინის 155 მოქალაქეს, რომლებსაც ამ ეტაპზე გაუყინეს აქტივები და აეკრძალათ მოგზაურობა. ნოემბრის 11 რიცხვში, ლუგანსკსა და დონეცკში მოწყობილი არჩევნები დაგმეს კიევმა და მისმა საერთაშორისო მხარდამჭერებმა, აშშ და ევროპის ქვეყნებმა. მოსკოვი თვლის, რომ ამ არჩევნებით არ დარღვეულა მინსკის შეთანხმება, და რომ მისი გზით გადაიდგა ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარებისთვის.