თბილავიამშენის ქარხნის მუშებმა დავა მოიგეს, გაფიცვა შეწყდა
პროფკავშირებს და თბილავიამშენის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება მიღწეულია, გაფიცვა დასრულდა-აღნიშნავენ პროფკავშირების გაერთიანებაში. გაერთიანების თანახმად, ადმინისტრაცია ყველა დასაქმებულს ხელფასს გაუზრდის და შემოიღებს ასევე საპრემიერო სისტემასაც.
„ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 87 000 ლარს შეადგენდა. კომპანიის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება - გამოყოს კიდევ 410 000 ლარი, რომელიც მთელ წელზე განაწილდება და სწორედ ზემოაღნიშნულ საჭიროებებს მოხმარდება“, - განმარტავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
კომპანია „თბილავიამშენის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით 27 თებერვალს გაიფიცნენ. გაფიცული იყო საწარმოს 120-მდე თანამშრომელი.
კომპანია "თბილავიამშენი," რომლის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი, 2010 წლიდან სახელმწიფოს მფლობელობაშია.