უკრაინა მსოფლიოში პირველ ადგილზეა წითელას ვირუსის გავრცელებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 1 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში, უკრაინა პირველ ადგილს იკავებს წითელას დაავადების გავრცელების მხრივ ათეულში შემავალ ქვეყნებს შორის. ანგარიშის თანახმად, ვირუსული დაავადების გავრცელება, ძირითადად განპირობებულია როგორც სოციალური ფაქტორებით, ისე ე.წ. ვაქცინის საწინააღმდეგო მოძრაობით, მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით, რამაც ზრდასრულ ადამიანებში წარმოშვა შიში, თითქოს ვაქცინაცია ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს.
„იუნისეფის“ ანგარიშში მოყვანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა, რომლის თანახმად, შარშან უკრაინაში წითელას 35 120 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 5 000-ით მეტია, 2017 წელთან შედარებით.
უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა სერბია, სადაც ყოველწლიურად იზრდება ვირუსული დაავადება. დასავლეთ ბალკანეთის ამ ქვეყანაში, 2017 წელთან შედარებით, შარშან წითელათი დაავადების შემთხვევამ 4 355-ით იმატა.
ათეულში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც წინა წლებში წითელას დაავადება არ იყო ფართოდ გავრცელებული. 2018 წელს მოლდოვაში გამოვლინდა 312, მონტენეგროში 203, ხოლო უზბეკეთში წითელათი დაავადების 17 შემთხვევა.