მამუკა ხაზარაძემ ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა - პროკურორი
მამუკა ხაზარაძემ ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი წარმოადგინა,რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
პროკურორის თქმით,მათ ჯერჯერობით სასამართლოსთვის გადაცემული წერილის ასლი არ ჩაბარებიათ, რის გამოც, წერილის შინაარსზე პროკურორი ვერ საუბრობს.
არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო და მას პირადად გიორგი გახარიასგან დოკუმენტი არ ჩაბარებია, რის გამოც, წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.
კითხვაზე, თუ რა იქნება პროკურატურის შემდგომში სამოქმედო გეგმა, არჩილ ტყეშელაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წერილის ჩაბარების შემდგომ გაირკვევა.
„მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ“, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დაფუძნებელიმამუკა ხაზარაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე შეეხება 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. ხაზარაძის განმარტებით წერილის შესახებ პროკურატურაში, დაკითხვაზეც განაცხადა, თუმცა საგამოძიებო ორგანოს საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია.