ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეატყობინეს თეირანში ბაშარ ალ-ასადის ვიზიტის შესახებ
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფს გადადგომა სურდა, ვინაიდან მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ თეირანში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოულოდნელი ვიზიტის შესახებ.
პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ არ მიიღო ზარიფის გადადგომა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დიპლომატს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მიღწევაში თეირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის.
როჰანი და ზარიფი ზომიერი კურსის მიმდევრები არიან. ისინი მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ირანის მკაცრი კურსის მომხრეთა მხრიდან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ გაიყვანა ბირთვული შეთანხმებიდან და ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მათაც მიმართონ ამერიკის მაგალითს.
სირიის პრეზიდენტი ასადი 25 თებერვალს ესტუმრა თეირანს და გულთბილად იქნა მიღებული ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ. მათ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდეტი როჰანი და გენერალი ყასემ სოლეიმანი, ირანის ელიტური ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური.