40-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა "დონორად სიკვდილის შემდეგ" ბოლო სამ დღეში
40-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში "დონორად სიკვდილის შემდეგ".
ეს მონაცემები რადიო თავისუფლებას მიაწოდა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ.
ასოციაციის ხელმძღვანელის გია თომაძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთ მცირე დროში, დონორად დარეგისტრირების სურვილი ამ რაოდენობის ადამიანმა გამოთქვა: "სწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ დადებითად იმოქმედა საზოგადოებაში ორგანოს დონორობის მიმართ პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებაზე".
ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საიტზე დონორად დარეგისტრირების მსურველთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ მარტს, რადიო თავისუფლების საიტზე გამოქვეყნდა სტატია “დათმობდი შენს ორგანოებს სიცოცხლის შემდეგ?”
ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ბაზაზე უკვე 10 წელია არსებობს დონორად დარეგისტრირების შესაძლებლობა. 10 წლის განმავლობაში ბაზამ 150 ადამიანს მოუყარა თავი.
დონორთა სიაში გაწევრიანების შემდეგ, დონორები იღებენ პლასტიკურ ბარათს, სადაც დატანილია მათი ფოტო, პირადი ნომერი და დონაციის პოპულარიზაციისათვის შექმნილი საერთაშორისო ფრაზა: “ნუ წაიყოლებ შენს ორგანოებს ზეცაში. ზეცაში იციან, რომ ისინი აქ გვჭირდება”.