ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს სანქციები რუსეთის რვა მოქალაქის მიმართ
ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში შეათანხმეს სანქციები რუსეთის რვა მოქალაქის მიმართ რომლებიც, როგორც ითვლება, კავშირში არიან გასული წლის ნოემბერში შავ ზღვაში უკრაინის გემების ხელში ჩაგდებასთან. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის წყაროები იტყობინებიან, სანქციები მომავალ კვირაშივე უნდა შემოიღონ. ამავე დროს ევროკავშირი გააგრძელებს სანქციებს ყირიმის ანექსიისთვის. ისინი შეეხება 160 პირსა და 40 ორგანიზაციას. ახლახან ყირიმთან დაკავშირებით სანქციები გააგრძელა აშშ-მა.
25 ნოემბერს ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამი სამხედრო გემი და დააკავეს 24 მეზღვაური. სამხედრო მოსამსახურეებს ბრალს სდებენ რუსეთის საზღვრების გადაკვეთაში.
კიევი ინციდენტს აგრესიის აქტად მიიჩნევს, მეზღვაურებს კი სამხედრო ტყვეებს უწოდებს. უკრაინის პოზიციას იზიარებენ აშშ, ნატო და ევროკავშირი.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის სამხედროები შეგნებულ პროვოკაციაზე წავიდნენ. რუსეთის ხელისუფლების პოზიციის თანახმად, მეზღვაურები შეუძლებელია იყონ სამხედრო ტყვეები, ვინაიდან რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობს ომი.