ჯორჯ ბუში აშშ-თვის „სიკეთედ“ და „ძალად“ მიიჩნევს იმიგრაციას
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ახალი მოქალაქეების ნატურალიზაციის ცერემონიაზე გამოსვლისას გამოთქვა აზრი, რომ იმიგრაცია ქვეყნისათვის „სიკეთე“ და „ძალაა“.
ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა 18 მარტს გამოვიდნენ ტეხასის ქალაქ დალასში, ჯორჯ ბუშის სახელობის პრეზიდენტის ცენტრში გამართულ ცერემონიაზე, რომლის მსვლელობაშიც აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭა 51 ადამიანს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ვაშინგტონში მალე შეძლებენ იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების მოდერნიზებას.
მისი გამოსვლის ფონია ცხარე კამათი აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დადებული აქვს პირობა, რომ შეზღუდავს იმიგრაციას - როგორც კანონიერს, ისე უკანონო.
ჯორჯ ბუში - ისევე როგორც ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, 2009 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ თითქმის არ ერევა პოლიტიკურ დებატებში.