ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო“ ვერ მოიპოვა
„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი გახდა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან. დაჯილდოების ცერემონია 24 მარტს გაიმართა დუბაიში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. ლადო აფხაზავა დუბაიში 21 მარტს გაფრინდა.
ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაშიც გულშემატკივრობდნენ:
დაჯილდოებამდე ფინალისტები მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში ატარებდნენ მასტერკლასებს და სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარ გამოცდილებას აცნობდნენ. შაბათს ლადო აფხაზავამ ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში სახალისო პრეზენტაცია გამართა.
კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ. შარშან გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს. ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული რომის პაპმა დაასახელა.
დუბაიში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე. დაჯილდოების შემდეგ გავრცელდა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გამოხმაურება:
„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანია ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გამარჯვებული ჯილდოდ მიიღებს მილიონ დოლარს.