ნიკა მელია: „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანები
„ჩვენ ვიხილეთ გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას. „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული მეტი და მეტი ადამიანები. ოკუპაციის ხაზის მუდმივი გადმოწევა ხდება. სულ უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს არ ეძლევა საშუალება ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის,“- თქვა ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" იმართება და სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.
პარტიის თავმჯდომარე ამ დრომდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, დღეს კი ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს უყრიან კენჭს.
„ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო,“- თქვა ნილა მელიამ ყრილობაზე და აღნიშნა, რომ ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი.
„არ იყო იმედი, რომ ოდესმე შეიცვლებოდა ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ეს იყო შეუმდგარი სახელმწიფო, სადაც უცხოელისთვის სტუმრად ჩამოსვლაც კი იყო საშიში. ელემენტარულად არსებობდა რისკი რომ მას ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებდნენ და ეს საქართველოში ერთ ერთი წარმატებული ბიზნესი გახლდათ და ამის შემdეგ ამ პოლიტიკურმა ოჯახმა ისე განავითარა ტურიზმი და ტურისტული პროექტები რომ წელს უკვე ვსაუბრობთ რომ ამ ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი შემოდის. “