ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაური დამნაშავედ ცნეს
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.
მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათზე მეტ ხანს მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. ეს მუხლები 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა გამოიტანოს.
ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას მოითხოვს.
„სახეზე გვაქვს საზარელი, უმძიმესი დანაშაული - სამი ადამიანის მკვლელობა, მათ შორის, 4 წლის ბავშვის. მოტივი - გაუპატიურება, ცალსახად გაუგონარი და შეუწყნარებელია. ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი, სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება და ჩვენ აუცილებლად, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას“, -განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
სასამართლო სხდომა 27 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში, 12 საათზე გაიმართება.