პომპეო: აშშ განზე არ გადგება, როცა მოსკოვი სამხედრო ძალით ეხმარება ნიკოლას მადუროს რეჟიმს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ ვენესუელაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა აძლიერებს დაძაბულობას რეგიონში და ასეთ ვითარებაში ვაშინგტონი არ აპირებს უმოქმედოდ ყოფნას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ პალადინოს განცხადებით, პომპეომ 25 მარტს დაურეკა სერგეი ლავროვს და უთხრა, რომ "აშშ და რეგიონის ქვეყნები უმოქმედოდ განზე არ გადგებიან“, როცა მოსკოვი სამხედრო კონტინგენტს აგზავნის ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდასაჭერად.
მანამდე გავრცელდა ვენესუელელი ოფიციალური პირის განცხადება, რომ გასული კვირის მიწურულს კარაკასში ჩაფრინდა რუსეთის თვითმფრინავი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებში. მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ დამოუკიდებლად ვერ ხერხდება რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავის ვენესუელაში ჩასვლის დადასტურება.
განსხვავებით რუსეთისაგან, რომელიც მადუროს ეხმარება, აშშ და ათობით სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მხარდაჭერას უცხადებენ ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს. ოპოზიციონერი, რომელმაც თავი გარდამავალ პრეზიდენტად გამოაცხადა, გაყალბებულად მიიჩნევს შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.