გაფიცული სოცმუშაკები აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სოციალური მუშაკების აქცია მიმდინარეობს. გაფიცულებს შეუერთდნენ პროფკავშირული გაერთიანების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საზოგადოებრივი აქტივისტები და ბენეფიციარები.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კარვებია გაშლილი.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. მათი მოთხოვნებია: ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება; სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა; საპროცესო წარმომადგენლობა; ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება; ხელფასების ზრდა, ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.
სოცმუშაკები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.
გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს.
გაფიცვის დაწყებამდე სოციალურმა მუშაკებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთა მხრიდან იყო ზეწოლა და მუქარა, რომ გაფიცვაში მონაწილეობა არ მიეღოთ.