დავით სერგეენკოს თქმით, არავის აქვს ინტერესი სოცმუშაკები დააშინოს
„მთავარი ამოცანა არის ის, რომ სოციალური პროგრამებით მოსარგებლეებს არ შეექმნათ პრობლემა“, - აცხადებს სოციალურ მუშაკთა გაფიცვასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მინისტრის სიტყვებით შეფერხების თავიდან არიდების მიზნით უწყებაში შემუშავებული აქვთ დეტალური გეგმა, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
დავით სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკების დაშინება მათ ინტერესში არაა.
„არანაირი ინტერესი არავის არ აქვს, რომ ეს ადამიანები დააშინოს. მე უშუალოდ მქონდა მათთან კომუნიკაცია. მათ მიერ წამოყენებული პუნქტების ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილი შესრულების პროცესშია და ნაწილს სჭირდება დრო. ასე რომ ისინი თვითონ აკეთებენ არჩევანს, ჩვენ ჩვენის მხრივ ვაკეთებთ არჩევანს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გადანაწილდა ეს ფუნქციები,“- ამბობს დავით სერგეენკო.
25 მარტიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს. მათი კოლექტიური დავასოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 8 თებერვალს დაიწყო. სოციალური მუშაკების ინფორმაციით, დამსაქმებელმა ვერ უპასუხა მათ მოთხოვნებს, ამიტომ კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლებას იყენებენ.