თურქმენეთს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას
ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ თურქმენეთს მოუწოდებს, ქვეყნიდან გამგზავრების უფლება მისცეს ჟურნალისტ სოლტან აჩილოვას. ის 11 მარტს აპირებდა თბილისში გამგზავრებას საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, მაგრამ აშხაბადის აეროპორტში არ მისცეს თვითმფრინავში ასვლის უფლება.
ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გულნოზა საიდმა 25 მარტს განაცხადა, რომ ბოლო უნდა მოეღოს აჩილოვასა და სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების „სისტემატურ დევნას“ და რომ ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყნიდან ინფორმაციის გავრცელებით.
აჩილოვა აშხაბადიდან თანამშრომლობს ვენაში დაფუძნებულ დამოუკიდებელ საინფორმაციო ვებპორტალთან „ხრონიკა ტურკმენისტანა“.
გამოცემის მთავარი რედაქტორის, ფარიდ ტუხბატულინის ინფორმაციით, 11 მარტს აჩილოვას აშხაბადის აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ქვეყნიდან გამგზავრების უფლება. ოფიციალურ პირს მიზეზი არ განუმარტავს.
წარსულში აჩილოვა პოლიციას ჰყავდა დაკავებული, მას რამდენჯერმე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.