„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პროკურორს პარლამენტში იბარებს
ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს დადგეს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პასუხი გაეცეს დაგროვილ კითხვებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.
სერგი კაპანაძის განცხადებით, კერზაიას გარდაცვალებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, პროკურატურას კი არანაირი შედეგი არ აქვს:
„ ჩვენ ამ თემაზე პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის შემდეგ გავიდა 1 თვეზე მეტი. პროკურატურამ თითქოს გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ არცერთი ადამიანი არ დასჯილა. იმისთვის, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მას თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები, რაც არ გააკეთა. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - უთხრა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს.
„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ გენერალური პროკურორი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში მივიდეს და ამ საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინოს. ასევე, შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის როგორც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს, ასევე სკოლებში არსებულ მდგომარეობას.