ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საავტორო უფლებების დაცვის სადავო რეფორმას
ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში საავტორო უფლებების დაცვის გამკაცრებას.
რეფორმას ბევრი ოპონენტი ჰყავს, მათ შორის გიგანტური ინტერნეტ-კომპანიები, როგორიცაა გუგლი და ფეისბუკი, რომლებიც კანონში ხედავენ თავისუფლებისა და შემოქმედებითი მიდგომის შეზღუდვის საფრთხეს.
სტრასბურგში 26 მარტს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა მწვავე დებატები და ლობისტების აქტიური მუშაობა. რეფორმას მხარი დაუჭირა 348 პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 274, თავი შეიკავა 36-მა.
ახლა ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რათა ის ძალაში შევიდეს.
ბევრი ხელოვანი მოელის, რომ ახალი წესების მეშვეობით, მათი ანაზღაურება უფრო სამართლიანი იქნება. რეფორმის მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება და ვებსაიტები იძულებული იქნებიან, აამოქმედონ ძვირადღირებული ფილტრები.
ევროკომისიამ ორი წლის წინ დაიწყო საავტორო უფლებების დაცვის ევროკავშირში მოქმედი, მოძველებულად მიჩნეული წესების გადასინჯვის პროცესი, რათა უკეთ იქნეს დაცული ევროპის კულტურული მემკვიდრეობა და ონლაინ-კომპანიებისაგან სამართლიანი ანაზღაურება მიიღონ გამომცემლებმა, მაუწყებლებმა და ხელოვანებმა.