ბათუმის ციხის პატიმრები წერილს ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ
ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პატიმრებმა ციხის დირექციის საშუალებით, წერილი გაუგზავნეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთავარ პროკურატურას.
პატიმრები წერენ ციხეში არსებულ მძიმე ვითარებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.
წერილში დეტალურადაა აღწერილი თუ რა პირობებში უწევთ პატიმრებს ყოფნა. ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.
„ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე ყოველდღიურად, უკლებლივ მთელი დაწესებულების ყველა საცხოვრებელ საკანში გვითიშავენ წყალს ღამის 3 საათზე და გვირთავენ დილის 07:30 საათზე. წყლის გათიშვის პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ჩვენ ამ საათების მანძილზე ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობასა და განადგურებას.
ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე დღემდე ჰაერის გამწოვი საშუალება მუდმივად ითიშება ღამის 3 საათზე და ირთვება დილის 07:30 საათზე.
ჩვენ მიმართ ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში,“ - წერენ ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები.