პომპეო: ნატო უნდა „მოერგოს“ ვითარებას მზარდ საფრთხეებთან, მათ შორის რუსეთთან გასამკლავებლად
შეერთებულმა შტატებმა ისევ მოუწოდა ნატოელ მოკავშირეებს, გაზარდონ სამხედრო ხარჯები ახალ გამოწვევებთან, მათ შორის რუსეთის მზარდ აგრესიასთან გასამკლავებლად.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 4 აპრილს ვაშინგტონში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოთქვა შეფასება, რომ მსოფლიო შესულია დიდ სახელმწიფოთა შორის კონკურენციის „ახალ ეპოქაში“ და მიუხედავად იმისა, რომ 29-წევრიან ალიანსს ძლიერი პოზიცია აქვს, მზარდი საფრთხეები არ აძლევს მას შეჩერების უფლებას.
„ალიანსი უნდა მოვარგოთ ვითარებას მზარდ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად … იქენება ეს რუსეთის აგრესია, უკონტროლო მიგრაცია, კიბერთავდასხმები, ენერგოუსაფრთხოების მიმართ მუქარა, ჩინეთის სტრატეგიული კონკურენცია … თუ ბევრი სხვა პრობლემა“, განაცხადა პომპეომ ტრანსატლანტიკური ალიანსის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.