საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის დაკავებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს
ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს. რადიო თავისუფლებას მამამ, იანურ როსტობაიამ, განუცხადა, რომ მისი შვილი უკვე ზუგდიდში იმყოფება და მალე სახლში ელოდებიან.
როგორც იანურ როსტობაია ამბობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდა და გელა როსტობაიას ჯარიმა არ დააკისრეს.
შამგონის მცხოვრებს ენგურის ხიდთან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დახვდნენ. ფოტომასალას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.
39 წლის გელა როსტობაია 5 აპრილს ე. წ. მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა სახლიდან რამდენიმე მეტრში, მდინარე ენგურზე, მარტო თევზაობდა.