ვახტანგ ძაბირაძე: ბიძინა ივანიშვილის წერილი წინააღმდეგობრივია
ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, გაერთიანებასა და შერიგებაზე ლაპარაკობს, ხოლო, მეორე მხრივ - ტექსტში მუქი ფერებით თავად იხსენებს წარსულს, ახსენებს „შინნაზარდ დიქტატორს“ და რევანშის მსურველ ძალებზეც ლაპარაკობს - უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული წერილი წინააღმდეგობრივია სხვა მიზეზის გამოც და კერძოდ იმით, რომ ავტორი გამოსავალს არ გვთავაზობს.
„რას ნიშნავს შეთანხმება და გაერთიანება?! არის თუ არა ქვეყანაში ამ მოწოდების შესაბამისი ნიადაგი?! - ამაზე წერილში აღარაფერია ნათქვამი.
როგორც ჩანს, გაერთიანებასა და შერიგებაში ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გულისხმობს... რეალური გაერთიანება შეუძლებელია შესაბამისი სამართლებრივი გარემოსა და ნდობის გარეშე. ეს ხელისუფლების საზრუნავია“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ამასთან, ვახტანგ ძაბირაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რევანშის მოსალოდნელობის ხაზგასმაზე იქნება აგებული.
„ეს რომ არ გააკეთოს, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეებს მთლად ახლებური სოციალური პროგრამა და სამართლებრივი გარემო უნდა შესთავაზოს.
ჯერჯერობით კი, ელემენტებიც არ ჩანს იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შეუძლია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსმა შენიშნა ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ახალ წერილში კვლავაც იმეორებს ძველ პოზიციას - საზოგადოების უკმაყოფილების ასახსნელად.
„ის მუდმივად იმეორებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მნიშვნელოვნად გაუსწრო ეკონომიკის განვითარებას და ახლა ამ მოცემულობას გარკვეული ძალები იმისათვის იყენებენ, რომ - საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საზოგადოების უარყოფითი განწყობა ახსნას დემოკრატიის მაღალი ხარისხით და არა რეალური სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძე.