აშშ-მა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი
აშშ-მა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აპრილს.
ვაშინგტონი გააგრძელებს ფინანსური ზეწოლის გაძლიერებას ირანზე, "მის მიერ ტერორისტული მოქმედებების მხარდაჭერისთვის" - წერს ტრამპი განცხადებაში.
აშშ-ს რევოლუციის გუშაგთა საბჭოს რადიკალური ფრთა, ყუდსთა დანაყოფი და ორგანიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი თუ უწყება უკვე ჰყავს შეყვანილი ტერორისტთა სიაში, თუმცა ამ დრომდე გუშაგთა კორპუსი სრული სახით ამ სიაში არ იყო.
"ეს პირველი შემთხვევაა, რომ აშშ სხვა ქვეყნის მთავრობის ნაწილს აცხადებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად" - ამბობს ტრამპი და დასძენს - "ეს ხაზს უვამს იმ ფაქტს, რომ ირანის მოქმედებები ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა მთავრობების ნაბიჯებისგან".
ანალიტიკოსების თქმით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შინ იცავს ისლამურ წესებს და ახშობს კრიტიკას, ირანის გარეთ კი მონაწილეობს საიდუმლო ოპერაციებში, იარაღის ტრეფიკინგში და სხვა ოპერაციებში, რომლებიც მიზნად ისახავს ირანის გავლენის გაფართოებას. გუშაგთა კორპუსი პირდაპირ ექვემდებარება უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.