ამერიკის ელჩი რუსეთს მოუწოდებს ან დაადასტუროს უილანის ბრალეულობა, ან - გაათავისუფლონ იგი
აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ჰანტსმანი მოუწოდებს მოსკოვს, წარმოადგინოს ამერიკელი პოლ უილანის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ან - გაათავისუფლონ იგი. რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს აქამდე არ უნახავს არანაირი მტკიცებულება.
„ჩვენ მხოლოდ გავიგეთ ჯაშუშობის შესახებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომე ეს ასეა. ასე რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, უკვე მივიღებდით მტკიცებულებას და დასაბუთებას,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ჯონ ჰატსმანმა საუბარში აღნიშნა, რომ ყოველ დღე ფიქრობს უილანსა და მის ოჯახზე და იმედოვნებს, რომ ამერიკელს რაც შეიძლება მალე გამოუშვებენ.
აშშ-ის საზღვაო ქვეითების კორპუსის ყოფილი რეზერვისტი, პოლ უილიანი, რომელიც ასევე არის დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და კანადის მოქალაქე, 28 დეკემბერს დააკავეს მოსკოვში.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური მას ჯაშუშობაში ადანაშაულებს. უილიანი, რომელსაც წინასწარი პატიმრობის ვადა 28 მაისს ეწურება, დანაშაულს არ აღიარებს.