ირაკლი კობახიძე: საკვალიფიკაციო გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება
ვენეციის კომისია არ მოითხოვს საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა გავაუქმოთ გამოცდები, სალაპარაკო რომ არ გახდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„(დასკვნაში) გამოცდის საკითხზე არის რეკომენდაცია, თუმცა ვენეციის კომისია აპრიორი არ მოითხოვს გამოცდის ამოღებას. იქ არის გარკვეული ტექნიკური საკითხი. ერთი მხრივ, წერია, რომ უნდა იყოს შერჩეული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი და იქვე წერია გამოცდა. არის რეკომენდაცია, რომ ან ერთი უნდა ეწეროს ან მეორე... მიუხედავად იმის, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო ეს ყველაფერი“, - განაცხადა პარლემენტის თავმჯდომარემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა.
„უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა ჩააბარონ იურიდიული კვალიფიკაციის გამოცდები. უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები შეიძლება იყვნენ მხოლოდ „სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“.
ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა დაევალოთ გამოცდის ჩაბარება იმის დასამტკიცებლად, რომ შესწევთ უნარი იმუშაონ კანონის მუხლებზე, რაც არის უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსი“, - ასეთია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით.