ნინო ლომჯარია:სამწუხაროა, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომაზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია
„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ის სრულიად მოულოდნელად, გასული წლის აგვისტოში გადადგა. მანამდე კი არაერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან - ეს მისი სიტყვებია.
სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები გადადგომის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან დეპუტატებს მიმართა რეკომენდაციით, დაინტერესდნენ რისი მსხვერპლი, როგორ და რატომ გახდა ნინო გვენეტაძე და ინფორმაცია ამის შესახებ კომიტეტის ფარგლებში მოისმინონ.
„მე ვფიქრობ, რომ ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ შიდა პროცესებზე“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა.
სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.
ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.