პოლიციამ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნ. ჯ. 1998 წელს დაბადებული გ.ხ. 1998 წელს დაბადებული ა.ლ.
დაკავებულებს ბრალი ედებათ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის შეიარაღებულ ძარცვაში.
დანაშაული 19 აპრილს, დილის საათებში მოხდა. სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.