დავით ბაგრატიონი გამოკითხეს ყოფილ მეუღლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე
თბილისის პოლიციის სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა დასრულდა. მან უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.
მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის თქმით, დავით ბაგრატიონმა გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი - ის უარყოფს ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობის ფაქტსა და მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასაც.
"გამომძიებელი საკმაოდ კომპეტენტურია. მან დეტალურად იცის, რომ ეს ყველაფერი არის აბსურდი. კომიკურია ხუთი წლის წინანდელ ფაქტზე მსჯელობა დღეს, მაშინ, როდესაც ეს ექსპერტიზაც მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნება და სხვას არაფერს.
გაურკვეველია ექსპერტიზის დასკვნა ხუთი წლის შემდეგ რატომ გახდა საჯარო, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა. ეს არის არასერიოზული“, - განაცხადა ადვოკატმა.