რუსეთმა გაათავისუფლა რამდენიმე თვის წინ ყირიმთან დაკავებული ორი უკრაინელი მეთევზე
რუსეთმა გაათავისუფლა მისი მესაზღვრეების მიერ შარშან, ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავებული ორი უკრაინელი მეთევზე.
როგორც უკრაინის ომბუდსმენი, ლიუდმილა დენისოვა 7 მაისს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ტექსტში წერს, მას რუსლან კონდრატიუკმა და ანდრეი მოროსოვმა შეატყობინეს, რომ "თავიანთ ოჯახებთან, ხერსონის რეგიონში ბრუნდებიან".
დენისოვას თქმით, რუსეთის მესაზღვრეებმა მეთევზეები სექტემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მათი მოტორიანი ნავი დაზიანდა. მეთევზეები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ ყირიმში, შავი ზღვის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
ყირიმში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის წარმომადგენელმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასს" დაუდასტურა მეთევზეთა გათავისუფლება.
ყირიმის ომბუდსმენად იდენტიფიცირებულმა ლიუდმილა ლიუბინამ განაცხადა, რომ სასამართლომ მეთევზეები დაუკონკრეტებელი თანხით დაააჯარიმა, თუმცა მათ ხუთ წლამდე ემუქრებოდათ პატიმრობა.
რუსეთში კვლავ პატიმრობაში რჩება უკრაინის 24 მეზღვაური, რომლებიც დააპატიმრეს 2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის მესაზღვრეებმა მათი გემები დააკავეს ქერჩის სრუტესთან, რუსეთსა და ყირიმს შორის.
მოსკოვი უკრაინელ მეზღვაურებს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შეჭრაში ადანაშაულებს, რასაც დაკავებულები უარყოფენ. მეზღვაურებს ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო გადალახვაში.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. აშშ-მა და ევროკავშირმა მოსკოვს სანქციები დაუწესეს ყირიმის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.