12 მაისს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება
12 მაისს საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე პირველად აღინიშნება.
საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი წილხვდომილობის, იმედის დღედ, 8 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა და „შრომის კოდექსში“ შევიდა შესაბამისი ცვლილებები ამ დღის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ.
კოდექსის მოქმედ რედაქციაში, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად აქამდე მითითებული იყო მხოლოდ - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე. ცვლილებების მიხედვით კი მას წილხვდომილობის დღეც დაემატა.
ცვლილების ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა, საპატრიარქოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია ამონარიდები „ქართლის ცხოვრებიდან“, როგორც არგუმენტები იმისა, რომ საქართველო მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა: „შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს“.
12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად ჯამში საქართველოს მთავრობამ 694 ათასი ლარი გამოყო. ამ თანხიდან 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს საქართველოს საპატრიარქო, ხოლო 73 ათას ლარს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება თბილისსა და რეგიონებში: დაგეგმილია გამოფენები, ჩატარდება ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები და ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები.
ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე 48 400 ლარი დაიხარჯება.