გიორგი გახარია: დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას რუსთაველზე
შს მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება პარლამენტის წინ, მისი ბიუსტის დადგმას, რომელიც წითელ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ამბობს ფრაზას „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“.
გიორგი გახარიას თქმით, გასულ წელს, კლუბებზე განხორციელებული რეიდების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტები:
„ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები. და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორი. ამის შემდეგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ - როგორც კი მსგავსი პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას, დავიცავთ და როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას რუსთაველზე”.
გიორგი გახარიას ბიუსტის იდეის ავტორების თქმით, გიორგი გახარიას ბოდიშმა, რომელსაც რეალური შედეგები უნდა მოჰყოლოდა, მაგალითად ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით, არაფერი შეცვალა და ის კვლავ სადამსჯელო იარაღად რჩება ძალოვანი სტრუქტურების ხელში. 2018 წლის 12 მაისს, სპეცრაზმმა თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ რეიდი ჩაატარა. შსს-ს ცნობით, რეიდის მიზანი ნარკოდანაშაულის გამოვლენა იყო. რეიდის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, თბილისში საპროტესტო "რეივ აქციები" იმართებოდა. აქციები 14 მაისს, მას შემდეგ შეწყდა, რაც გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დიალოგზე მიიწვია.