უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ბაზარზე ერთობლივად უფრო იოლად შევლენ
უკრაინა და საქართველო ერთობლივად შექმნილ პროდუქციას უფრო იოლად გაიტანენ ევროკავშირის ბაზარზე.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლაპარაკია სქემებზე, რომლებიც პროდუქციის ერთობლივი გადამუშავებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირების გამარტივების შესაძლებლობას გააჩენს.
„პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება უკრაინაში და დასრულდება საქართველოში, უფრო მარტივად მიეწოდება ევროკავშირის ბაზრებს და ასევე პირიქით, პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება საქართველოში და დასრულდება უკრაინაში, უკეთესად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
თუკი ამჟამად უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ვითარება შეიცვლება.
„ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, უკვე დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და მისი ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.
ახალ შეთანხმებას ხელი მოეწერა უკრაინის დედაქალაქ კიევში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, სტეფან კუბივმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც ცვლილება შევიდა ორ ქვეყანას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.
ხელმოწერის ცერემონია გაიმართა კიევში მიმდინარე ევროკავშირისა და DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების) პარტნიორების მეორე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში.