მამუკა ბახტაძე: სანამ ქვეყანაში ოკუპაცია და სიღარიბეა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ის წარმატებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება ბოლომდე წარმატებული უწოდოს საკუთარ თავს, მანამ, სანამ საქართველოს აქვს ორი გადაუჭრელი და მტკივნეული პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე.
„როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის სიტყვებით, ხელისუფლების შეფასების ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არჩევნებია. საქართველოში ჩატარებული ბოლო, შუალედური არჩევნების მონაცემებით კი, პრემიერის თქმით, ხელისუფლებისადმი ნდობა 60%-ს შეადგენს.
მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს საზოგადოების წინაშე არსებული ყველა პრობლემა აქვს გააზრებული და ეს პრობლემები, ბახტაძის სიტყვებით, ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება.